logo
ENG



კრემლი: პუტინი, ალიევი და ფაშინიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე შეთანხმდნენ

12 იან 202100:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/12/y6np1iwintbzm0t.jpg

კრემლის ინფორმაციით, 11 იანვარს მოსკოვში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ინფრასტრუქტურული პროექტების, სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე იმსჯელეს. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ მხარეებმა, ამ საკითხებზე ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი. 

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერებთან შეხვედრას "მნიშვნელოვანი და სასარგებლო" უწოდა.

"ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ საერთო ჯამში, [2020 წლის 9 ნოემბრის] შეთანხმების პირობები დაცულია და სერიოზულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. 48 000-ზე მეტი დევნილი და ლტოლვილი უკვე დაბრუნდა მთიან ყარაბაღში. მიმდინარეობს მუშაობა ინფრასტრუქტურის, ელექტროენერგიის, საცხოვრებლისა და სოციალური ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ. ვგულისხმობ ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. ამ მიზნით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელთაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერები უხელმძღვანელებენ", - ამბობს ვლადიმერ პუტინი. 

მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი. 

პუნქტიანი შეთანხმება კონტაქტის ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსი სამხედროების განლაგებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებით, რუსეთს ამიერკავკასიის ყველა ქვეყანაში ჰყავს სამხედრო ძალები განთავსებული: საქართველოშიც, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც. 

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებით კავკასიაში ახალი ერა დაიწყებოდა და მოლაპარაკებებში ჩართულ ფასილიტატორებს, მათ შორის, რუსეთს მადლობა გადაუხადა. 

 


close დახურვა