logo
ENG



კრემლი: პუტინი დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს

21 თებ 202222:18
3 წუთის საკითხავი
 
კრემლი: პუტინი დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს

ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს აცნობა, რომ დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს. 

კრემლის განცხადებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ელაპარაკა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს

კრემლი წერს, რომ პუტინმა მათ სწორედ საბჭოს სხდომის შედეგები აცნობა, ამასთან, განუცხადა, რომ დღეს მიიღეს მომართვები დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ხელმძღვანელებისგან ამ რეგიონების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ, ვინაიდან "უკრაინის ხელისუფლების სამხედრო აგრესიისა და დონბასის ტერიტორიის მასიური დაბომბვების გამო მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება". 

კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოველივე ამის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში აპირებს შესაბამისი განკარგულების ხელმოწერას". 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს შესაბამისი განკარგულების ხელმოწერას.

კრემლი ასევე წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა მოვლენების ამ განვითარების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს, ამავდროულად, გამოხატეს კომუნიკაციის გაგრძელების მზადყოფნა. 

ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების საკითხი რუსეთის უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.  საბჭოს ყველა წევრი დაეთანხმა ამ ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობად ცნობას, ვლადიმირ პუტინმა კი თქვა, რომ გადაწყვეტილებას დღეს,  21 თებერვალს გამოაცხადებს. 

მანამდე, პუტინს დონეცკის და ლუგანსკის საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელებმა მიმართეს და დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვეს.

15 თებერვალს რუსეთის დუმამ პრეზიდენტს მიმართა, რომ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს. 

ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებმა უკრაინისგან დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადეს. რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს კიევი. ორივე ე.წ. რესპუბლიკა აღიარებული აქვს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ცხინვალის რეგიონს.


close დახურვა