logo
ENG



კრემლი ქართულ მხარეს პროვოკაციაში ადანაშაულებს - ხელისუფლება დუმს

24 ოქტ 201920:20
3 წუთის საკითხავი
 
idd72o1vuoylvh4.jpg

ახალი მავთულხლართების გავლებისა და მიწის უკანონო მიტაცების შემდეგ, კრემლი ქართულ მხარეს ახლა საოკუპაციო რჟიმის ხელით თავად ადანაშაულებს. კრემლის ხელწერა უცვლელია - რუსეთის ფედერაციამ ამჯერადაც დე-ფაქტო რეჟიმი გაააქტიურა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის სახელით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სოფელ კოდაში, აბანოში, კობსა და ატოცში ქართველი პოლიციელების ყოფნა სამხედრო რისკებს ზრდის.

საქართველოს მთავრობისთვის თავად ეს განცხადებაა პროვოკაცია და დეზინფორმაცია. ოპოზიცია და სპეციალისტები ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობენ. „ფორმულა“ უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს დავით რაქვიაშვილს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ დე-ფაქტო ცხინვალის გააქტიურებას, შესაძლოა, რამდენიმე მიზეზი ქონდეს. რაქვიაშვილის თქმით, ერთ-ერთი ასეთი მიზეზი, შესაძლოა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იყოს. რაქვიაშვილი დე ფაქტო ცხინვალის განცხადებას რუსეთის სპეცოპერაციას უწოდებს.

„ასეთ საკითხებს თავის დროზე არეგულირებდა და ასეთ საკითხებს თავის დროზე ატარებდა უშიშროების საბჭოს აპარატი. შემდეგ დასკვნები მიეწოდებოდა პრეზიდენტს და ის წყვეტდა მოეწვია თუ არა უშიშროების საბჭო. დღეს ცოტა ბუნდოვანია თუ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიმღებების მიერ ასეთი საკითხების გადაწყვეტა. რუსეთის მხრიდან ყოველთვის იქნება მცდელობა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ფორუმი გამოიყენოს თავისი ინტერესებისთვის. რუსეთის პოლიტიკა კი ახალი რეალობის მიღებაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე სამი ქვეყანაა,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.

თუმცა, რუსეთის მცოცავი ოკუპაციის ფონზე ამ დრომდე არ შეკრებილა უსაფრთხოების საკითხებზე ერთადერთი სათათბირო ორგანო - უსაფრთხოების საბჭო, რომელიც ყოფილი უშიშროების საბჭოს ფუნქციებს ითავსებს. დე ფაქტო ცხინვალის საგანგაშო განცხადებაზე პრემიერსაც არაფერი უთქვამს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ოკუპანტის ბრალდებას მხოლოდ სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა უპასუხა, რომელმაც გავრცელებულ განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა.

ოპოზიცია რუსეთის გააქტიურებაზე პასუხიმგებლობას პოლიტიკოსები „ქართულ ოცნებას" აკისრებენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკა კრემლში შეთანხმებული. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნისთვის დამაზიანებელ პოლიტიკას ატარებს.

„ეს არის მიზანმიმართული, ძალიან მავნებლური, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დამაზიანებელი პოლიტიკა," - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება ემზადება მასშტაბური პროვოკაციისთვის, საქართველოს ხელისუფლება კი აღნიშნულს რუსულ დეზინფორმაციად აფასებს. ასევე ადგილობრივმა მთავრობამ ამ განცხადების შესახებ უკვე აცნობა საერთაშორისო საზოგადოებას და მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

 


close დახურვა