logo
ENG



კრემლში პუტინისადმი პატრიოტთა ალიანსის მიმართვას დადებითად აფასებენ

13 აგვ 202118:47
3 წუთის საკითხავი
 
კრემლში პუტინისადმი პატრიოტთა ალიანსის მიმართვას დადებითად აფასებენ
პატრიოტთა ალიანსი

კრემლში დადებითად აფასებენ პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის მიმართვას რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შესახებ. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურმა სახელისუფლებო გამოცემა TASS-ს განუცხადა.

"ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას ორმხრივი კავშირების ამჟამინდელ მდგომარეობასთან და მათი გაუმჯობესების მოწოდებასთან დაკავშირებით. რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა კონსტრუქციულ ურთიერთობებს საქართველოსთან. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვყოფილვართ ამ ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორები", - აღნიშნულია პრესსამსახურის პასუხში.

კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოში რჩებიან "ჯანსაღად მოაზროვნე ძალები", რომლებიც ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის მომხრეა.

საპასუხო განცხადებას გამოეხმაურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი. იგი მისასალმებელსა და სასიხარულოს უწოდებს კრემლის განცხადებას. 

"ვისაც ეს არ ესმის ან არ უნდა გაიგოს, ის უბრალოდ უგუნურია", - ამბობს ინაშვილი და ამატებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით პარტია კიდევ ერთ განცხადებას გაავრცელებს. 

პატრიოტთა ალიანსმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით 2 აგვისტოს მიმართა, რომელშიც საუბარი იყო ურთიერთობის განმუხტვაზე, დიალოგისა და კულტურულ-სოციალური ურთიერთობის აღდგენაზე.


close დახურვა