ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ISFED-ის მიერ საარჩევნო ოქმებში გამოვლენილ დისბალანსზე საუბრობს და აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებში 4%-იანი ცდომილება დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს.
როგორც კუბილიუსმა სოფო ზურაბიანის გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში აღნიშნა, აუცილებელია, ყველა საჩივარი სერიოზულად იქნას განხილული და ქვეყანამ არსებული გამოწვევა დიალოგის მეშვეობით გადაჭრას.
"ISFED-ის განცხადების ციტირებას ვაკეთებ, რომ დაახლოებით 8% იყო მათ ოქმებში განსხვავება ციფრებს შორის, რამდენი ბიულეტენი იყო არჩევნების შემდეგ მიღებული და რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და ცდომილება 4%-მდე ადის. 4% საქართველოში პროპორციულ სისტემაში საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ამერიკაში 1 პროცენტიც კი ძალიან დიდ განსხვავებას ქმნის და ძალიან ბევრი დისკუსიები მოსდევს ამას, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს სხვადასხვა შტატებში. საქართველოში 4%-ზეა საუბარი, ეს საკმაოდ დიდ კითხვის ნიშანს ბადებს და არჩევნების რეალურ შედეგებზე კითხვის ნიშნებს სვამს. მინდა, რომ ყველა საჩივარი განხილულ იქნას ძალიან სერიოზულად და დიალოგის მეშვეობით საუკეთესო გადაწყვეტილება იქნას მოძიებული, თუ როგორ დაძლიოს საქართველომ ეს გამოწვევა", - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED 1-ელ ნოემბერს აცხადებდა, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი გამოვლინდა.