logo
ENG



კულასა და ბატონოს დამფუძნებელ ივანე გოგლიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

21 თებ 202616:28
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/21/ib609u2e7xfvtdj.jpg

კულასა და ბატონოს დამფუძნებელ ივანე გოგლიძეს, რომელსაც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის წარმოება-გასაღებაში ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

დაცვის მხარე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა.

სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონოს ხელმძღვანელი ივანე გოგლიძე გუშინ, 20 თებერვალს დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2025 წელს სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177,3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი.

ასევე, დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის.

რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი თევზის ხორცის მასული წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს", - თქვეს საგამოძიებო სამსახურში. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.


close დახურვა