logo
ENG



კულება: NATO არაა მზად, იმოქმედოს კოლექტიურად, რათა შეაჩეროს ომი და დაიცვას უკრაინელები

10 მარ 202216:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/10/2tz9gsiacf65hh5.png

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ NATO რუსეთის აგრესიასთან კოლექტიური დაპირისპირებისა და უკრაინელების დაცვისთვის მზად არაა. ახლა ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინას თავდაცვაში ეხმარებიან.

"რუსეთის უკრაინის აგრესიის შემთხვევაში NATO-ს, როგორც ალიანსის რეაქციებიდან ვხედავთ, რომ NATO არაა მზად იმოქმედოს კოლექტიურად, რათა შეაჩეროს ომი და დაიცვას უკრაინის მოქალაქეები რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან.

მან დახმარების ფუნქცია გადასცა წევრ სახელმწიფოებს, რათა ეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გააკეთონ. ეს აჩენს კითხვას: როგორ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება მანამ, სანამ უკრაინას მომავალში NATO-ში მიიღებენ. ესაა მთავარი კითხვა", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა,

დმიტრო კულება აცხადებს, რომ ესმის რომ NATO-ში უკრაინის მიღება ხანგრძლივი პროცესია, თუმცა უკრაინას დაცვა ახლა სჭირდება. ამიტომ ის სახელმწიფოებს ისეთი სისტემის შემუშავებას სთავაზობს, რომლითაც გაეროს უშიშროების საბჭო შეძლებს უკრაინას ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულებით გათვალისწინებული უსაფრთხოების მსგავსი გარანტიები მისცეს.

"თუ შევძლებთ ისეთი შეთანხმების მიღწევას, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, მათ შორის რუსეთი რა თქმა უნდა, ასევე თურქეთი, როგორც დიდი მეგობარი და მეზობელი და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა, უკრაინას, უსაფრთხოების მსგავს გარანტიებს მისცემენ, როგორიც ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულებითაა გაწერილი, ესაა ის რის განსახილველადაც მზად ვართ. ომი ახლა ხდება. უკრაინა უსაფრთხოების კუთხით ვაკუუმშია, უნდა ვიფიქროთ კრეატიულად თუ როგორ მივუდგეთ ამ საკითხს.

ამ დროისთვის ჩვენი ჯარია, ვინც ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე, უკრაინელი ხალხი, ვინც ეწირება ბრძოლას. ასევე ჩვენი პარტნიორები, ვინც ამაში გვეხმარებიან. მაგრამ ეს ყველაფერი მდგრად სისტემაში უნდა მოექცეს", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.    

 

close დახურვა