logo
ENG



კულება: ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება

31 აგვ 202315:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/31/v2ujmfz20ircxjn.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება.

ამასთან, კულებამ აღნიშნა, რომ სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თვე იქნება მარცვლეულის ინიციატივისა და მშვიდობის ფორმულისთვის.

"ჩვენ ვიცით, რომ ახლო მომავალში, ერდოღანსა და პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება. და ეს, ფაქტობრივად, ბოლო შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ გავარკვიოთ, დაუბრუნდება რუსეთი ინიციატივას თუ არა.

პარალელურად, უკრაინა ალტერნატიული საზღვაო გზის განვითარებას განაგრძობს. ახალი მარშრუტის მიხედვით, უკრაინის პორტებიდან გამოსული გემები, რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში შედიან. ამ დერეფნით უკვე ორმა უკრაინულმა გემმა ისარგებლა", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

22 აგვისტოს, თურქულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს. როგორც მედია იუწყება, ერდოღანის ვიზიტი რუსეთში ძალიან მნიშვნელოვანია "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელებისთვის. Bloomberg-ის ინფორმაციით, შეხვედრა, შესაძლოა, 8 სექტემბერს შედგეს.

17 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა.

13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას დატოვებს. მან ასევე თქვა, რომ გაერომ ვერ შეძლო საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ დაკმაყოფილებულიყო რუსული მხარის მოთხოვნებიც.


close დახურვა