უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უარყო თურქეთის პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინა და რუსეთი 4 პუნქტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ კულებამ უკრაინულ გამოცემა Ukrayinska Pravda-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა რეჯეფ თაიფ ერდოღანის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ პუტინი და ზელენსკი მოლაპარაკებების 6-დან 4 პუნქტზე კონსენსუს უახლოვდებიან.
დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ იმ პუნქტებზე, რაზეც თურქეთის პრეზიდენტმა ისაუბრა მხარეებს შორის კონსენსუსი არ მიღწეულა.
მან თურქეთს პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სიტუაციის ობიექტურად შეფასება.
„ჩვენი სახელმწიფო გულწრფელად მადლიერია თურქული მხარის და კონკრეტულად პრეზიდენტი ერდოღანის იმ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ასევე უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, სიტუაცია ობიექტურად შეფასდეს. რუსეთთან თურქეთის პრეზიდენტის ნახსენებ 4 პუნქტზე კონსენსუსი არ მიღწეულა. კონკრეტულად, უკრაინის ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული“ - განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ძირითადი საკითხების რაოდენობრივი დაჯგუფება არასწორია, რადგან პარალელურად დელეგაციების ქვეჯგუფებში მრავალი სხვადასხვა საკითხი განიხილება.
დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის მთავარი მოთხოვნები: ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების გარანტიები უცვლელია.
„მოლაპარაკებების პროცესი ძალიან რთულია. უკრაინის დელეგაცია ძლიერ პოზიციაშია და საკუთარ მოთხოვნებს არ თმობს. ჩვენ უპირველეს ყოვლისა ცეცხლის შეწყვეტას, უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მოვითხოვთ. უკრაინა თურქეთთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან დიალოგს გააგრძელებს, რათა უკრაინულ მიწაზე მშვიდობა აღდგეს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესზე განაცხადა, რომ პოზიციები დაახლოვდა და უკრაინა მზადაა რუსეთის მოთხოვნების 6 პუნქტიდან 4-ს დათანხმდეს.
ერდოღანის ინფორმაციით, ეს პუნქტები შეეხებოდა NATO-ს, ნაწილობრივ განიარაღებას, კოლექტიურ უსაფრთხოებასა და უკრაინაში რუსულის მეორე სახელმწიფო ენად აღიარებას.