უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 31 დეკემბერს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ფონზე აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს გაეროს უშიშროების საბჭო.
ამის შესახებ დმიტრო კულებამ ტვიტერზე დაწერა.
მისი თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად ესხმის თავს დასახლებულ პუნქტებს და პუტინი "ახალ წელს ადამიანების მოკვლით აღნიშნავს".
„ახლა რუსეთი მასობრივი სარაკეტო თავდასხმით მიზანმიმართულად იღებს მიზანში დასახლებულ ტერიტორიებს, ენერგოინფრასტრუქტურასაც კი არა. ომის კრიმინალი პუტინი ახალ წელს ადამიანების მოკვლით „აღნიშნავს“. რუსეთი უნდა გააძევონ გაეროს უშიშროების საბჭოს სავარძლიდან, რომელიც ყოველთვის არალეგალურად ეკავა“ - წერს კულება.
უკრაინის ცნობით, 31 დეკემბერს საოკუპაციო ძალებმა უკრაინული დასახლებების მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქებების ხმა გაისმა კიევის სამ რაიონში. წინასწარი მონაცემებით, 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ჩამოინგრა სასტუმროს შენობა, კიევის ოლქში გაითიშა ელექტროენერგიაც. ქალაქ ხმელნიცკში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.