უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ვერ შეძლებს უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობის გაფუჭებას.
"პუტინის მცდელობები, რომ კიევსა და ვარშავას შორის ურთიერობა გააფუჭოს, ისეთივე უშედეგოა, როგორც მისი წარუმატებელი შეჭრა უკრაინაში. რუსეთისგან განსხვავებით, პოლონეთი და უკრაინა მუდამ ერთად დადგებიან რუსული იმპერიალიზმისა და საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობის წინააღმდეგ", - წერს Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პოლონეთს ყოფილი საბჭოთა კავშირის მიმართ ტერიტორიული ამბიციების ქონაში სდებს ბრალს. კერძოდ, პუტინი ირწმუნება, რომ პოლონეთის ინტერესებში უკრაინის ნაწილის დაკავება შედის. ამის შესახებ მან 21 ივლისს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
"[პოლონელი ლიდერები] დიდი ალბათობით, ელიან NATO-ს ქოლგის ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნას და უშუალოდ ჩარევას უკრაინის კონფლიქტში. ამ გზით, შეეცდებიან უფრო მსუყე ნაჭერი მოიპოვონ და დაიბრუნონ, მათი აზრით, თავიანთი ისტორიული ტერიტორიები - დღევანდელი დასავლეთ უკრაინა", - განაცხადა პუტინმა საბჭოზე.