უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინელებს გამარჯვება სჭირდებათ და არა ფრე.
"ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და არა ფრე. თუ რუსეთს ახლა პაუზის აღების საშუალებას მივცემთ, პუტინი შუა ევროპაში გაყინულ კონფლიქტს შექმნის, გიგანტურ ბომბს, რომელიც ნებისმიერ მომენტში აფეთქდება. ევროპისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა ასეთი მიზნის დასახვა. მე ვაფრთხილებ უკრაინის პარტნიორებს: ნუ შემოგვთავაზებთ სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან ან სუვერენიტეტთან კომპრომისს", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კულება ამბობს, რომ მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ ისწრაფვის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ომი ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება ნამდვილ მშვიდობას მოიტანს.
"უკრაინის გამარჯვება ასევე იქნება ევროპისა და დასავლეთის გამარჯვება. ის აღადგენს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ჩვენს კონტინენტზე ათწლეულების განმავლობაში. გარდა ამისა, ეს მოგვიტანს საერთაშორისო სტაბილურობის ხანგრძლივ პერიოდს, რადგან ცხადი გახდება, რომ აგრესია არ არის ეფექტური ინსტრუმენტი 21-ე საუკუნეში მიზნების მისაღწევად. ეს არის შედეგი, რომლისკენაც ყველა უნდა ვისწრაფოდეთ და ეს არის გზა რეალური, ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობისკენ", - განაცხადა კულებამ.