უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება მოსთხოვონ.
"მე დმიტრო კულება ვარ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. მინდა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მივმართო. შეხედეთ, რად აქცია თქვენი ქვეყანა, თქვენი დიდი ქვეყანა პუტინმა. მან დამპყრობლური ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. მან გამოგზავნა აქ თქვენი შვილები, ქმრები იმისთვის, რომ მათ უკრაინელები დახოცონ, დაიპყრონ ჩვენი მიწები, გაანადგურონ ჩვენი ქალაქები, მაგრამ უკრაინელებს არ სურდათ ეს ომი, მაგრამ უკრაინელები იბრძოლებენ საკუთარი მიწისთვის, საკუთარი სახლებისთვის. ჩვენთან უკვე გაჩაღდა ნამდვილი სახალხო ომი. ყველა იღებს იარაღს ხელში და იცავს საკუთარ ქვეყანას.
პუტინმა ჩაგითრიათ ომში, ხოლო, საფასურს მის სანაცვლოდ, თქვენ იხდით. მთელი მსოფლიო გაერთიანდა უკრაინის მხადასაჭერად, რათა შევაჩეროთ პუტინი. რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებულია ისტორიაში უპრეცედენტო სანქციები - თქვენ იტანჯებით. პუტინს ფული არ გამოელევა, მას ყველაფერი კარგად ექნება. სავალუტო ჯიხურებში რუბლის გაცლითი კურსი ხრამში ჩავარდა. რუსულ ბანკებს თიშავენ საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან, საკუთარი ბარათებითაც ვეღარ შეძლებთ გადახდას. ევროპის საჰაერო სივრცე დაკეტილია, თვითმფრინავში ჩასხდომას და შვებულებისას სადმე გაფრენასაც ვეღარ შეძლებთ, რომ მსოფლიო ნახოთ. ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია, შემდეგში კიდევ უფრო გაუარესდება. რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება სანქციების წნეხის ქვეშ, გაიზრდება ფასები, ინფლაცია.
ახლა, რა თქმა უნდა, თქვენი ხელისუფლება გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, სავალუტო რეზერვები ძლიერია, მაგრამ ეს სიცრუეა, თქვენ გატყუებენ. უბრალოდ, სურთ, რომ რეალობის აღქმა დაგაკარვინოთ. რეალობა კი ისაა, რომ ომია და ამის გამო სამწუხაროდ, თქვენ დაიტანჯებით. აღარაფერს ვამბობ, უკრაინის ტერიტორიაზე დაღუპულ რუსებზე, რომლებიც სახლში ტომრებში დაბრუნდებიან. ვფიქრობ, რომ თქვენ გაქვთ ყველაზე მარტივი ინსტრუმენტი ამ ყველაფრის დასასრულებლად. მოსთხოვეთ პუტინს, დაასრულოს ომი. უკრაინა არავის დასხმია თავს და არ გეგმავს დაესხას. ჩვენ გვინდა ცხოვრება მშვიდობაში. მაგრამ ამისთვის, პუტინმა უნდა დაასრულოს ომი და რუსეთის ეკონომიკის განადგურება, რომელიც უკვე დაიწყო და რომლისგანაც დაზარალდებით თქვენ. უშველეთ თქვენს ქვეყანას. მოსთხოვეთ პუტინს, დაასრულოს ომი", - განაცხადა დმიტრო კულებამ ვიდეო მიმართვაში.