უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდასხმები არის წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულები.
"რუსეთის თავდასხმების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია. მათ გუშინ ბევრი დარტყმა განახორციელეს და დღესაც იმავეს იმეორებენ. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულები და მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას - ეს არის რუსეთის მიზანმიმართული სტრატეგია თვეების განმავლობაში," - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გუშინ კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სასოწარკვეთილია ბრძოლის ველზე დამარცხების გამო და სარაკეტო ტერორს იყენებს, რათა ომის ტემპი მის სასარგებლოდ შეცვალოს.
გუშინ დილით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 105-ს მიაღწია.