logo
ENG



კულებას თქმით, ჩერნობილში რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს

09 მარ 202217:03
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას თქმით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს.

კულებას განცხადებით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი სადგური დაზიანებულია, მას დიზელის გენერატორს დაუკავშირებენ, რაც უზრუნველყოფს ობიექტის კვებას 48 საათის განმავლობაში.

"ამის შემდეგ გამომუშავებული ბირთვული საწვავის სათავსოში გაგრილების სისტემა გაითიშება, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს. 48 საათში, შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით ტექნოგენური კატასტროფა მოხდეს. პუტინი უბრალოდ პლანეტას ანადგურებს", - წერს კულება ტვიტერზე.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, რუსმა ჯარისკაცებმა სადგურის მიმართულებით ცეცხლიც გახსნეს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ტვიტერზე წერს, რომ უკრიანამ მათ უკვე აცნობა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ენერგიის დაკარგვის შესახებ. მათი თქმით, ეს არღვევს უსაფრთხოების ძირითად პრინციპს, რაც გულისხმობს ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფას. ასევე, IAEA წერს რომ ვერ ხედავს უსაფრთხოების კრიტიკულ დარღვევას ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე.


close დახურვა