ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ხარკივის ქალაქ კუპიანსკში ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანების კოლონა დაბომბეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვია.
უწყება აცხადებს, რომ მთლიანად განადგურდა 7 მანქანა. შემთხვევა "ნაცრისფერ ზონაში" მოხდა, ოკუპირებულ სვატოვსა (ლუჰანსკი) და გათავისუფლებულ კუპიანსკს (ხარკივი) შორის.
„პირველადი მონაცემებით, მანქანებში 20 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცველები და ექსპერტები მივიდნენ შემთხვევის ადგილას. საგამოძიებო მოქმდებები დაწყებულია. დეტალები ზუსტდება. ოკუპანტები იმ მოქალაქეებს დაესხნენ თავს, ვინც სცადა, დაბომბვას გაჰქცეოდა. ეს ბოროტებაა, რომელსაც გამართლება არ აქვს“ - აცხადებს სინეგუბოვი.
რუსეთის ძალებმა ხარკივის რეგიონის ქალაქი კუპიანსკი 27 თებერვალს დაიკავეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუპიანსში 10 სექტემბერს გაათავისუფლეს, თუმცა დასახლების ნაწილი, რომელიც ლუჰანსკის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს კვლავ ოკუპირებულია.
უკრაინის ცნობით, მას შემდეგ რაც ოკუპანტებმა ტერიტორია დატოვეს, დასახლებაში რამდენიმე წამების ოთახი და მასობრივი საფლავები იპოვეს. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს გათავისუფლებული კუპიანსკის დაბომბვას.