ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომჩინური კომპანიის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ხელისუფლების "რუსული გეოპოლიტიკური ზრახვების ბოლო წერტილია". მისივე თქმით, ჩინური კონსორციუმი წარსულში შელახული რეპუტაციის გამო, საქართველოსთვის საფრხეს წარმოადგენს.
"სწორედ ანაკლიის ჩაგდება იყო პირველი ნათელი გზავნილი, რომ რუსული მთავრობა და რუსული ძალები მართავს ამ ქვეყანას. დღეს ჩვენ ყველა ნათლად ვხედავთ რეალობას. გავრილოვი, რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, ჰეზბოლას გვერდით დგომა დიახ ეს არის დეკლარირებული პოლიტიკა, რომელიც დაიწყო ანაკლიით და მთავრდება ანაკლიით ", - თქვა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე.
კუპრაძე ამბობს, რომ ეს ჩინური კონსორციუმი მულტინაციონალური საინჟინრო და სამშენებლო კომპანიაა, რომლის 63.8%-იან წილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ფლობს (აქციონერები არიან Merrill Lynch, BlackRock და JPMorgan Chase). მისივე თქმით, მათ განვითარებად ქვეყნებში უხარისხო მშენებლობის, შრომითი ექსპლუატაციის, გარემოს დაბინძურების, კორუფციის, მოსყიდვის და ვალის მდგრადობის დარღვევის დიდი გამოცდილება აქვთ.
"2009 წელს ფილიპინებში საგზაო პროექტის სატენდერო პროცესში თაღლითობის აღმოჩენის გამო მსოფლიო ბანკმა CCCC-ს გზებისა და ხიდების პროექტებში მონაწილეობა რვა წლით აუკრძალა. ამასთან, ეკვადორში, CCCC-ის შვილობილმა კომპანიამ 2014 წელს გააფორმა კონტრაქტი მოწინავე ტექნოლოგიების განათლების ცენტრის აშენებაზე, თუმცა ობიექტების 80 პროცენტზე მეტი გამოუსადეგარი დარჩა, სტრუქტურული ხარვეზების გამო... 2020 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა „კომუნისტური ჩინური სამხედრო კომპანიების“ სახელები, რომელთა სიაში CCCC იყო", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მისივე თქმით, ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ამოფარებული რუსული პოლიტიკაა ის ფაქტი, რომ ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
"ამ ხელისუფლებამ რუსეთის ორბიტაზე გაიყვანა ეს ქვეყანა და საერთაშორისო კორუფციულ აბლაბუდაში ცდილობს მის გახვევას. ოფშორების კანონით დაწყებული საერთაშორისო მაქინაციებში ეჭვმიტანილი კომპანიებით დამთავრებული. ღრმა კომუნიზმში ვბრუნდებით! თუმცა არ გაუვათ! საქართველოს თავისუფლებისთვის ასიათასობით ახალგაზრდა იბრძვის. რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ".
დღეს, 29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა.
დავითაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ორ, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები 2024 წლის 20 მაისამდე უნდა წარედგინათ, რაც მისი თქმით, მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა განახორციელა.