პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფორმულას ეთერში მან გაიხსენა, რომ ის ინტერვიუს დროს დააკავეს, როდესაც აქციის დარბევის დროს ძირს დაგდებული მოქალაქის დახმარებას ცდილობდა.
"მის დასახმარებლად მისულს ოთხივე მხრიდან მომხდა ხელი, ფეხი, ხელკეტი, გინება. სულ რაღაც 20 წამში დამაკავეს, საშინელი ფიზიკური ანგარიშსწორებით გამატარეს მთელი 9 ქუჩა. ამიყვანეს ინგოროყვამდე, სადაც მანქანა ჰყავთ მობილიზებული, გამატარეს სპეცრაზმის ე.წ. კორიდორი, სადაც ყველა ერთად მირტყამდა და მაგინებდა. ეს იყო მოცულობა, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ჩაიგდო საკუთარი თავი. ავტომობილთან მისული გამაჩერეს, მანქანაშიც კი არ ჩამსვეს და იქვე გააგრძელეს ცემა, დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. როცა ჩამსვეს მანქანაში, ღია კარებთან მოვიდა ე.წ. ხარება, ზონდერი, რომელიც ჯერ ნაცმოძრაობის სცემდა და ატერორებდა ხალხს და ახლა ქართული ოცნების დროს. შემომხედა მე და გელა ხასაიას და კმაყოფილი ღიმილით გაუდგა გზას", - თქვა კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძე 16 აპრილს დააკავეს, როდესაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
დღეს, 18 აპრილს მისი სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა ის 24 აპრილისთვის გადადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო ითხოვა.