logo
ENG



კუჭავა: ტყუილია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში შემოსვლა ეკრძალებათ, სესიაზე ვერ შემოვლენ

18 ივლ 202112:49
3 წუთის საკითხავი
 
კუჭავა: ტყუილია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში შემოსვლა ეკრძალებათ, სესიაზე ვერ შემოვლენ

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არ უშვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, საშვი 100-მდე ჟურნალისტზეა დაშავებული, თუმცა ისინი პლენარულ სხდომაზე შესვლას და შს მინისტრისთვის კითხვების დასმას ვერ შეძლებენ.

"მოვისმინე გარკვეული განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ეკრძალებათ ჟურნალისტებს შემოსვლა. ჩვენ კარგად ვიცით, თუნდაც წინა რიგგარეშე სხდომაზე რა მოხდა - სასესიო დარბაზში მოხდა შემოჭრა მედიის წარმომადგენლების და აქტივისტების, რომლებზეც საშვი არ იყო დაშვებული. ეს არ წარმოადგენს სწორ ფორმას და მიზნად ისახავს სხდომის ჩაშლას. ჩვენი დღევანდელი სხდომის მიზანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ჩვენი და თქვენი მხრიდან არსებობს შს მინისტრის მიმართ.

ასევე, გვესმის, რომ მოთხოვნა, "შეგვიშვით, გვინდა კითხვები დავუსვათ", არ მოქმედებს, არც არასდროს ყოფილა პარლამენტში, რომ ვინმეს ასე უნდოდეს, შემოსულიყო და კითხვები დაესვა. ჩვენთვის მთავარია, შს მინისტრის დღევანდელი მოსმენა, რომელიც წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ ინტერესს, შეფერხების გარეშე ჩატარდეს... კარგად ვხვდებით, რომ რაც არ უნდა დიდი ინტერესი იყოს, სესიაზე ვერ შემოვა ვერავინ, რომ კითხვა პირდაპირ დაუსვას გომელაურს. ამიტომ არიან დეპუტატები და ამიტომ არის სასესიო რეჟიმი", - განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტში დღეს 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უნდა უპასუხოს. პარლამენტის პრესსამსახურმა დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები იმოქმედებს, მიზეზად კი "შესაძლო პროვოკაციების პრევენციას" ასახელებენ.

 

close დახურვა