logo
ENG



კუხალაშვილი: დაგვიმალეს კინოცენტრის ოფისმენეჯერად ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება

11 ივნ 202317:20
3 წუთის საკითხავი
 

კინოცენტრის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პარასკევს, 9 ივნისს, კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის პოსTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.

კუხალაშვილის თქმით, ის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე იურიდიულ მიმართულებას ხელმძღვანელობდა და მას ჰქონდა ინფორმაცია, მათ შორის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კახა ხუბუნაიას დანიშვნის შესახებ.  თუმცა, მისი თქმით, პარასკევს სამართლებრივ აქტებთან წვდომა შეუზღუდეს, რისი მიზეზიც, კუხაშვილის თქმით, კინოცენტრში ბაჩო ოდიშარიას ოფისმენეჯერად დანიშვნის ბრძანების კინოცენტრის თანამშრომლებისთვის დამალვა იყო. 

ნინო კუხალაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ოდიშარიას კინოცენტრის დირექტორობისთვის ამზადებდნენ, თუმცა შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კახა ხუბუნაია დაინიშნა. ახლა დირექტორის ყოფილი მოადგილისთვის უცნობია, ვის დანიშნავენ კინოცენტრის ახალ დირექტორად რეორგანიზაციის შემდეგ.

მისი თქმით, კინოცენტრის დირექტორს ამ დრომდე ორი მოადგილე ჰყავდა თუმცა დებულებაში ცვლილების შედეგად დირექტორის მოადგილის პოზიცია გაუქმდა.

"ჩემი არის იურიდიული მიმართულება. მე თავად ვაკეთებდი ამ სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, რეორგანიზაციის ბრძანება, რომელიც მომზადდა, რა თქმა უნდა, არ არის არც ჩემი და არცერთი ჩვენი თანამშრომლის გაკეთებული და უფრო მეტიც, მე არ მაქვს წვდომა იმ სამართლებრივ აქტებთან, რომლებიც ტარდება კანცელარიაში. ეს წვდომა გუშინ შემიზღუდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ პარასკევს, როცა დაინიშნა ხუბუნაია და ცხვედიანი და ამის შესახებ გვამცნეს, დაგვიმალეს ერთი დანიშვნის ბრძანება - ეს იყო ბაჩო ოდიშარიას ოფისმენეჯერად დანიშვნის თაობაზე ბრძანება, რომელზეც, ცხადია, ყველა მიხვდება, რომ ოფისმენეჯერად ის არ დარჩებოდა ბოლომდე და, ალბათ, ამზადებდნენ დირექტორობისთვის და შემდეგ უკვე არ ვიცი რა მოხდა, ხუბუნაიას გადააბარეს ჯერჯერობით ეს ამბავი. ხუბუნაია, ალბათ, არ დარჩება ბოლომდე - მოვალეობის შემსრულებელია და რაღაც პერიოდით გაუძღვება, როგორც ჩანს, ამ რეორგანიზაციის პროცესს და მერე უკვე გასუფთავებულ კინოცენტრში მოიყვანენ ახალ დირექტორს და ახალ თანამშრომლებს." - განაცხადა ნინო კუხალაშვილმა ფორმულას ეთერში.

კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა დღეს განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.  

 

close დახურვა