IRI-ის პრეზიდენტის შეფასება არის პოლიტიკური მიწისძვრის ტოლფასი - ასე აფასებენ ანალიტიკოსები დენიელ ტვინინგის განცხადებას. ისინი ამბობენ, რომ სიგნალი არის საგანგაშო და ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს.
„როცა IRI-ის პრეზიდენტი რუსეთს და ჩინეთს გადარებს, ეს ნიშნავს, რომ უნდა ელოდე კონკრეტულ სანქციებს, ისეთივეს, როგორსაც აშშ უწესებს ურჩ, რუს და ჩინელ ოფიციალურ პირებს, ეს არის საქართველოსთვის ერთგვარი პოლიტიკური მიწისძვრის ტოლფასი“, - ამბობს „ფორმულასთან“ საუბარში ხათუნა ლაგაზიძე.
საია-ში კი აცხადებენ, რომ IRI-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ შეფასებას შესაძლოა, გარკვეული საკნონმდებლო ცვლილებებიც და არასამთავრობოების კიდევ უფრო შეზღუდვაც მოჰყვეს.
„თუ შენი მოსაზრებები არ ემთხვევა მმართველი პარტიის წარმომადგენლების შეფასებებს, ეს ნიშნავს, რომ ყველა სხვა არის ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. ეს დიდი ხნის წინ გავიარეთ ჩვენ. ეს არ არის დასავლური დემოკრატიისთვის დამახასიათებელი თვისება და ეს არ არის იმ ქვეყნის თვისება, რომელსაც უნდა ევროინსტიტეუცებში ინტეგრაცია. ამას მივყავართ ჩრდილოეთისკენ. ალბათ შემდეგი იქნება კანონმდებლობის ცვლილება, სირთულეების შექმნა ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთში, აზერბაიჯანში და სხვა მსგავს ქვეყნებში“, - აცხადებს სულხან სალაძე.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კონგრესს მიმართავდა. სწორედ მის ამ განცხადებას მოყვა IRI-ის პრეზიდენტის გამოხმაურება.