logo
ENG



ლავასოღლის და: ვითხოვთ ექსტრადაციას, არც კანონის მეშინია და არაფრის

08 ივნ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ადვოკატი და ოჯახის წევრები გენერალურ პროკურატურის წარმომადგენელს ხვდებიან. ირაკლი შოთაძემ ლავასოღლის მხარდამჭერებთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა.

შეხვედრა პირველ საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დაახლოებით ერთი საათით დაგვიანდა. ამის მიზეზი ტექნიკური შეფერხება იყო - კონკრეტულად საშვების პრობლემა. გარდა ამისა, მინდია გორაძის დას, ირინა გორაძეს თერმოსკრინინგი რამდენჯერმე ჩაუტარდა.

გორაძის თქმით, თუ შეხვედრა მათთვის სასიკეთოდ არ დასრულდება, პროტესტი გაგრძელდება და ის კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

„ჩემი მოთხოვნა ექსტრადირებაა და როგორ გადაწყდება ვნახავ. იქიდან უკვე გარკვეული გამოვალ, რატომ არ ხდება, მიზეზი რა არის. მოთხოვნა არის ერთი, რომ გაკეთდეს ექსტრადირება. არც კანონის მეშინია, არც სასჯელის და არაფრის არ მეშინია", - განაცხადა ირინა გორაძემ.

უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე კი იმედს გამოთქვამს, რომ დღეს გორაძის ოჯახი კონკრეტულ შედეგს მიიღებს. 

„ჩვენი მთავარი მიზანია, კონკრეტული პასუხი ვიცოდეთ, თუ როდის მოხდება მინდიას ექსტრადაცია. იმედი მაქვს, რომ ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი იქნება ღია - ან მალე მოხდება, ან მაშინ უნდა გვითხრან, თუ არ მოხდება, მესამე ქვეყანაში მოხდება მისი გაშვება. წელიწადი და ათი თვე ოჯახი ითხოვს კონკრეტულ პასუხს და იმედია, შეხვედრა შეხვედრისთვის არ მოხდება“, - განაცხადა კობაიძემ.

გორაძე თურქეთში დააკავეს, საპყრობილეშიც იქ ზის და მისი საქართველოში ექსტრადაციის მოთხოვნით უკვე კვირაზე მეტია მისი მხარდამჭერები აქციებს მართავენ. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა. 

 


close დახურვა