რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელსაც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, "დიდი ოცეულის" მინისტერიალს დაგეგმილზე ადრე დატოვებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ლავროვი კვლავ გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ სიტყვით მიმართავს პრესას და ინდონეზიას დატოვებს.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ ოფიციალურ სადილში და სამუშაო სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს.
დელეგაციის წყაროების ცნობით, ლავროვმა შეხვედრის ოთახი სიტყვით გამოსვლისთანავე დატოვა. მან ასევე თავი აარიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის შეკითხვაზე პასუხის გაცემას.
სერგეი ლავროვმა დღეს დაადასტურა ინფორმაცია, რომ G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს დასწრებოდნენ ვახშამს, რომელიც "დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების მინისტრებისთვის იმართებოდა.
მანამდე, იაპონურმა სააგენტო Kyodo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის მიერ 7 ივლისს ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, G7-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვის გამო არ დაესწრნენ.
ამასთან, სააგენტო წერს, რომ "დიდი ოცეულის" მინისტრების შეხვედრაზე გაუქმდა ერთობლივი ფოტოს გადაღების ტრადიციული ცერემონიაც, რადგან ზოგიერთმა მონაწილემ არ ისურვა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღება.