logo
ENG



ლავროვი: 3+3-ის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, ქართველი კოლეგების მოხარული ვიქნებით

08 ივნ 202216:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/08/okc3n0u101647zo.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ 3+3-ის ფორმატის მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. მისივე თქმით, მოხარულები იქნებიან, თუ შეხვედრაში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ლავროვმა თურქეთში განაცხადა, სადაც ის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

"შევთანხმდით, მომავალში როგორ ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაზე, იცით, რომ თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი. პირველი შეხვედრა მოსკოვში გავმართეთ, ქართველმა კოლეგებმა ვერ შეძლეს მონაწილეობა, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველთვის მათი მოხარულები ვიქნებით. მზადდება შემდეგი შეხვედრა, იმედი მაქვს, რომ მის დაანონსებას უახლოეს მომავალში შევძლებთ", - თქვა ლავროვმა.

3+3, რუსეთის იდეის მიხედვით, არის 6 ქვეყნის ფორმატი და მოიაზრება, რომ მასში საქართველო რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი უნდა მონაწილეობდნენ და თანამშრომლობდნენ. ფორმატის მიხედვით, ნაგულისხმებია უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხების მოცვა. 

3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბახის ომის შემდეგ, 10 დეკემბერს, ბაქოში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამა ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენეს. 

თუმცა, საქართველო 3+3-ზე უარს ამბობს. 

ფორმატის ფარგლებში პირველი სხდომა 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წარმოდგენილი არ ყოფილა, შეხვედრის ოთახში მაინც იდგა საქართველოს დროშა. დროშის განთავსება დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.


close დახურვა