logo
ENG



ლავროვი: არ ვითხოვთ ზელენსკის დანებებას, ჩვენ ვითხოვთ, შეწყვიტოს წინააღმდეგობა

02 მაი 202212:29
3 წუთის საკითხავი
 
ლავროვი: არ ვითხოვთ ზელენსკის დანებებას, ჩვენ ვითხოვთ, შეწყვიტოს წინააღმდეგობა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ზელენსკის დანებებას არ სთხოვს, არამედ "ითხოვს, უკრაინამ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტოს". ამის შესახებ მან იტალიურ ტელეკომპანია, Mediaset-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსთის მოთხოვნაა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარიუპოლის მცველებს უბრძანოს, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებსაც, რუსეთის მტკიცებით, სწორედ უკრაინული ჯარები აკავებენ და წინააღმდეგობა შეწყვიტონ.

"ჩვენ არ ვითხოვთ ზელენსკის დანებებას, ჩვენ ვითხოვთ, რომ მან გასცეს ბრძანება, მშვიდობიანი მოსახლეობის განთავისუფლების შესახებ და შეწყვიტოს წინააღმდეგობა. ჩვენი მიზანი არ მოიცავს უკრაინაში რეჟიმის შეცვლას. ეს ამერიკის ხელობაა, ამას მთელ მსოფლიოში აკეთებს."- თქვა ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის ამ ქმედებით შეუძლია მშვიდობის დამყარება უკრაინაში. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა გამხდარიყო "მსოფლიოს პრეზიდენტი", "როგორც ზელენსკის წარმოედგინა საკუთარი თავი წინასაარჩევნო კამპანიის დროს."

"მას ყველა შანსი ჰქონდა, ყველა კარტი და კოზირი ხელში ეჭირა. ზელენსკიმ ამჯობინა საჯაროდ და ამპარტავნულად ეთქვა, რომ არასოდეს შეასრულებდა მინსკის შეთანხმებებს. თითქოს ეს ნიშნავს უკრაინელი ხალხის, სახელმწიფოს დაშლას. ყველა, ვინც გაეროს უშიშროების საბჭოში წერდა და ამტკიცებდა მინსკის შეთანხმებებს, დუმდა." - განაცხადა ლავროვმა. 

***

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, 1-ლი მარტიდან ალყაშია. 

რუსულმა ძალებმა დაიკავეს მთლიანი მარიუპოლი. ისინი მხოლოდ აზოვსტალის ქარხანას ვერ აკონტროლებენ, სადაც აზოვის ბატალიონი და უკრაინის საზღვაო ქვეითი ბრიგადის 36-ე არმიაა განლაგებული. 3 დღის განმავლობაში რუსეთი აზოვსტალის აღებას ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ. მათ გაანადგურეს ქარხანა, თუმცა, ვერ შეძლეს მისი გვირაბების აღება.  

აზოვსტალს რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქეც აფარებს თავს - ქალები, ბავშვები და მოხუცები. 1-ლ მაისს, გაეროს ჩართულობით, 100 მათგანის ევაკუაცია მოხერხდა. ევაკუაციის დასრულების შემდეგ რუსეთმა ქარხნის ტერიტორიის დაბომბვები განაახლა. 

ქარხანა აზოვსტალი 1930-იან წლებშია აშენებული. ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქარხანაა. მეტალურგიული კომბინატის საერთო ფართობი თითქმის 11 კვადრატული კილომეტრია და მოიცავს კილომეტრებზე გადაჭიმულ გვირაბებს და საკომუნიკაციო არხებს.


close დახურვა