logo
ENG



ლავროვი: რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს

19 აპრ 202217:14
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. 

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა თქვა, რომ გამოყენებულ იქნება მხოლოდ კონვენციური იარაღი. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა ბირთვული იარაღის მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებმა კი მიანიშნეს, რომ მისი გამოყენება შესაძლოა მოხდეს გარკვეულ გარემოებებში. 

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა ახლა უკრაინის აღმოსავლეთზეა კონცენტრირებული, ომი კი ახალ ფაზაში გადადის. 

"ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთში, როგორც თავიდანვე იყო გამოცხადებული, მიზნად ისახავს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულად გათავისუფლებას. ეს ოპერაცია გაგრძელდება.

იწყება ომის ახალი ფაზა და მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მთლიანი სპეციალური ოპერაციისთვის". - ამბობს ლავროვი. 

რუსეთმა მარიუპოლში, ქარხანა აზოვსტალში გამაგრებულ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდა და ამისთვის დროს მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე მისცა. 

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი იარაღის დაყრას კომბინატში შექმნილი "კატასტროფული მდგომარეობის და წმინდა ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამომდინარე" მოითხოვს.

აზოვსტალის ქარხანას თავს ბავშვები და მოხუცებიც აფარებენ. რუსეთმა დღეს მასზე შეტევა დაიწყო, შემდეგ კი შეწყვიტა და უკრაინელებს დანებების წინადადებით მიმართა. 

რუსული მხარე ირწმუნება, რომ ყველას, ვინც იარაღს დაყრის, სიცოცხლე შეუნარჩუნდება.

განცხადებაში ნათქვამია, 13:00 საათიდან უნდა გამოცხადდეს "დუმილის რეჟიმი", რისი ნიშანიც იქნება ორივე მხრიდან დროშების აღმართვა. სამინისტრო წერს, რომ რუსული მხარე აწევს წითელ დროშებს, აზოვსტალის მთელ ტერიტორიაზე კი უკრაინულმა მხარემ თეთრი დროშა უნდა აღმართოს.

რუსეთმა ალყაში მყოფ მარიუპოლში უკრაინელ ჯარისკაცებს დანებება 17 აპრილსაც მოსთხოვა და დრო 13:00 საათამდე მისცა. მაშინ "მარიუპოლის მცველებმა" დანებებაზე უარი განაცხადეს. 

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია.

რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 120 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. 


close დახურვა