რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Russia Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც უკრაინაში შევა და მათი აზრით, იარაღის მატარებელია, "ლეგიტიმური სამიზნე" იქნება.
"ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შემოდის უკრაინაში და რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ იარაღის მატარებელია, იქნება ლეგიტიმური სამიზნე", - თქვა მან.
ლავროვმა, ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების სხვა ქვეყნებიდან მიწოდებას.
სლოვაკეთი უკრაინას შორი დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემების, S 300-ების გადაცემას დათანხმდა. სლოვაკეთთან ერთად აშშ და NATO-ს მოკავშირეები უკრაინაში საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს აგზავნიან.აშშ მაღალჩინოსნის განცხადებით, მათ შორისაა საბჭოთა პერიოდის SA-8, SA-10, SA-12 და SA-14 თავდაცვის სისტემები ასევე ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 100 ე.წ კამიკაძე, თვითმკვლელ დრონებს (Switchblade Drones) გაუგზავნის.