რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსები ყოველთვის მზად არიან მოუსმინონ თავიანთ დასავლელ კოლეგებს.
"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს დასავლელ კოლეგებს, თუ მოლაპარაკების გამართვას მოინდომებენ. ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური დეპარტამენტებითა და სხვა არხებით კონტაქტების გამრავლების გარდა, რასაც ისინი საჯაროდ ამბობენ პროპაგანდისტული ხალისით, შეძლებენ შემოგვთავაზონ რამდენიმე სერიოზული მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის განმუხტვას და რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და მისი უსაფრთხოების სრულად გათვალისწინებას," - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის ისაუბროს დასავლეთთან, თუ ის რუსეთის ფედერაციას მიმართავს რეალისტური წინადადებებით, რომელიც ეფუძნება თანასწორობისა და ინტერესების ურთიერთპატივისცემის პრინციპებს, რომლებიც მიზნად ისახავს კომპრომისების პოვნას და ყველა ქვეყნის ინტერესების დაბალანსებას.
ამასთან, ლავროვი ამბობს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში იყო რამდენიმე ინიციატივა ამერიკილების და ზოგიერთი სხვა დასავლელი კოლეგის მხრიდან, რომლებმაც სატელეფონო საუბარი რუსეთის ლიდერთან მოითხოვეს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე.
27 ოქტომბერს, მოსკოვში, ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის პლენარულ სხდომაზე, პუტინმა თქვა, რომ ადრე თუ გვიან, დასავლეთს თანაბარი საუბრის დაწყება მოუწევს.