logo
ENG



ლავროვი აზერბაიჯანსა და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარებას რუსეთში სთავაზობს

01 ოქტ 202009:56
3 წუთის საკითხავი
 
2cnjyue1bi58a8r.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომხეთს და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარებას რუსეთში სთავაზობს.

რუსეთის საგარეო უწყება სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეაჩეროს "ომის მსგავსი რიტორიკა".

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს თბილისში შეხვედრა შესთავაზა. საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ვითარების შემდგომი ესკალაცია "უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე".

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონში. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში.

ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელსაც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი ხელმძღვანელობენ, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და იმუშაონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ მხარეებს რუსეთმაც მოუწოდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


close დახურვა