logo
ENG



ლავროვი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს პროვოკაციებს უწოდებს

23 იან 202210:33
3 წუთის საკითხავი
 
ლავროვი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს პროვოკაციებს უწოდებს

მოსკოვი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს პროვოკაციებს უწოდებს და მისი შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 

საქმე ბრიტანეთის განცხადებებს ეხება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი გეგმავს, უკრაინის მოქმედი ხელისუფლება პრორუსული მთავრობით შეცვალოს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, "ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ამძაფრებენ ვითარებას უკრაინის ირგვლივ". 

"დეზინფორმაცია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ NATO-ს ქვეყნები, ანგლო-საქსების ხელმძღვანელობით, ამძაფრებენ ვითარებას უკრაინის ირგვლივ. ჩვენ მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, აბსურდის გავრცელება და თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე ფოკუსირდეს". - თქვა სერგეი ლავროვმა, TASS-ის ცნობით. 

***

უკვე 2 თვეზე მეტია,  უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

თუმცა, აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. 

19 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ სავარაუდოდ, რუსეთი უკრაინაში შევა, თუმცა, ეს არ იქნება "სრულფასოვანი ომი". 

აშშ რუსეთს "ჯერ არნახული" სანქციებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას განახორციელებს. ხოლო თუ ეს "მცირე შეჭრა" იქნება, ბაიდენის თქმით, რუსეთისთვის შედეგები ნაკლებად მძიმე იქნება. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ. 

12 იანვარს აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი რიაბკოვმა კვლავ რუსეთის მოთხოვნები გაახმოვანა და თქვა, რომ თუ დასავეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია მათი მომავალი. 

ასევე, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება. 

ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

 


close დახურვა