logo
ENG



ლაიენი: ვმუშაობთ უკრაინის ხელახალი აღმშენებლობის პლატფორმის შექმნაზე

11 ივნ 202217:37
3 წუთის საკითხავი
 

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრებთან და უკრაინის პარტნიორებთან ერთად ქვეყნის ხელახალი აღმშენებლობის პლატფორმაზე მუშაობა იწყება.

ლაიენის თქმით ამ პლატფორმით, ევროკავშირს მოქმედების მკაფიო გეგმის შემუშავება სურს, რათა რეკონსტრუქციის პროცესი გამჭვირვალედ და ეფექტურად წარიმართოს.

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პროცესს, რა თქმა უნდა, უკრაინა გაუძღვება, თუმცა ევროკავშირი ამგვარი სიტუაციების მართვის გამოცდილებიდან გამომდინარე მას პროცესის წარმართვაში, ინვესტიციების მოზიდვასა და საჭირო რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება.

"ჩვენ ერთად ვმუშაობთ ხელახალი აღმშენებლობის პლატფორმაზე. გასაოცარია იმის დანახვა, რომ უკრაინის გარეთ არის უზარმაზარი სურვილი მხარი დაუჭირონ აღმშენებლობას, ესენი არიან როგორც წევრი ქვეყნები, ასევე უკრაინის სხვა მეგობრები და პარტნიორები და ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე ბიზნესები არიან დაინტერესებულები უკრაინის აღმშენებლობის მხარდაჭერით" - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ლაიენის თქმით, მათ სურთ, უკრაინას ინვესტიციების მოზიდვასა და რეფორმების განხორციელებაში დაეხმარონ, რათა უკრაინელების ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს, ქვეყანა ხელახლა აშენდეს და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს სურს უკრაინას მის ევროპულ გზაზე დაეხმაროს, რისთვისაც რეფორმებისა და ინვესტიციების კომბინაცია აუცილებელია.

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა ომის დაწყებამდე ევროპულ გზაზე უკვე იდგა და განხორციელებული რეფორმები და ფუნქციური ინსტიტუციები ეფექტურია, თუმცა მისი თქმით, მეტის გაკეთებაა საჭირო, მაგალითად კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

„რა თქმა უნდა, უკრაინა უკვე კარგ გზაზე იდგა რუსეთის სასტიკ და საშინელ შეჭრამდე, უკრაინა მყარი, მტკიცე საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, მყარი და სტაბილური ინსტიტუციებით და ყველა დონეზე ფუნქციური ადმინისტრაციით [...]

თუმცა ჩვენ ვიცით, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. სწორად გამიგეთ, უკრაინა ომშია ამიტომ თქვენი ფოკუსი და ჩვენი დახმარება ამ საშინელი, სასტიკი ომის დასრულებისკენაა მიმართული. მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო შორს გავიხედოთ და რეკონსტრუქციასთან ერთად ჩვენ გვინდა შევხედოთ იმას, რისი გაკეთებაც იქნება საჭირო მაგალითად თქვენ ბევრი გააკეთეთ კანონის უზენაესობის გაძლიერების კუთხით, მაგრამ კიდევ საჭიროა რეფორმების დანერგვა მაგალითად კორუფციასთან ბრძოლისთვის.

კიდევ ერთხელ, ინსტიტუციები ადგილზეა, ის პროგრამები რაც განახორციელეთ წინა წლებში ეფექტურია, ახლა ჩვენ შედეგები გვჭირდება და ჩვენ ყველა ამ საკითხს განვიხილავდით სამუშაო სესიებისას“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ლაიენის თქმით ევროკომისია უკვე მუშაობს კანდიდატის სტატუსის შესახებ შეფასების მომზადებაზე და სამუშაოები, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება.

 

close დახურვა