ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, არასდროს მიიღებენ პუტინის "მოჩვენებით რეფერენდუმებს" და არც რაიმე სახის ანექსიას უკრაინაში.
"მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტზე. ჩვენ სწრაფად და გადამწყვეტად ვიმოქმედეთ", - წერს ლაიენი Twitter-ზე.
ახალი სანქციების ფარგლებში რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი დაწესდება. ამ ნაბიჯით იკრძალება რუსული ნავთობის კონკრეტული ფაზის ზემოთ ტრანსპორტირება ევროკავშირის მიღმა არსებულ ქვეყნებში.
ფასის ჭერის დაწესებით რუსეთს, როგორც ენერგომიმწოდებელს, არ შეეძლება კონკრეტული მოცულობის ნავთობში მომხმარებელს დაწესებულზე მაღალი თანხა გადაახდევინოს.
„პაკეტი მოიცავს: მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის დაწესებული ზღვარზე მაღალ ფასად საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვას და მასთან დაკავშირებული სერვისებზე შეზღუდვებს“ - ტვიტერზე წერს ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობა.
ჩეხეთის ცნობით, სანქციების პაკეტი ასევე მოიცავს რუსულ პროდუქციაზე, მათ შორის თამბაქოზე, ფოლადის პროდუქტებზე, ქაღალდზე, სამანქანო დანადგარებზე შეზღუდვების გაფართოებას.
ასევე აიკრძალება IT, საინჟინრო და სამართლებრივი მომსახურებების მიწოდება რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებისთვის.
ჩეხეთის ცნობით, ევროკავშირის სანქციები ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეჟიმებზეც გავრცელდება.
იმისთვის, რომ პაკეტი ძალაში შევიდეს საჭიროა მისი საბოლოო დასტური. თუ ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ იქნება პაკეტის მიღების წინააღმდეგი, ის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდება და ამ დღესვე ძალაში შევა.
რუსულ ნავთობზე ფასის ჭერს სექტემბერში მხარი დიდი შვიდეულის - მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნებმაც დაუჭირეს.
ამ შეზღუდვების დაწესებით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ რუსეთი ნავთობს საზღვარგარეთ მსხვილ მომხმარებლებს, როგორიც მაგალითად ინდოეთია ნაკლებ ფასად მიჰყიდის და საბოლოოდ რუსეთს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი შეუმცირდება. ამ ფინანსებს კი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში იყენებს.