logo
ENG



EU სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დაწესებაზე შეთანხმდა

05 ოქტ 202217:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/05/a7uagdfbx8e8orh.jpg
Andrey Rudakov / Bloomberg

დღეს ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ბლოკი შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე, რომლის ფარგლებშიც რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი დაწესდება. 

ჩეხეთი ევროკავშირის როტაციის მიხედვით ამჟამად ბლოკის პრეზიდენტი ქვეყანაა. 

უახლეს პაკეტში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დაწესებაა.

ამ ნაბიჯით იკრძალება რუსული ნავთობის კონკრეტული ფაზის ზემოთ ტრანსპორტირება ევროკავშირის მიღმა არსებულ ქვეყნებში.

ფასის ჭერის დაწესებით რუსეთს, როგორც ენერგომიმწოდებელს არ შეეძლება კონკრეტული მოცულობის ნავთობში მომხმარებელს დაწესებულზე მაღალი თანხა გადაახდევინოს.

„პაკეტი მოიცავს: მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის დაწესებული ზღვარზე მაღალ ფასად საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვას და მასთან დაკავშირებული სერვისებზე შეზღუდვებს“ - ტვიტერზე წერს ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობა.

ჩეხეთის ცნობით, სანქციების პაკეტი ასევე მოიცავს რუსულ პროდუქციაზე, მათ შორის თამბაქოზე, ფოლადის პროდუქტებზე, ქაღალდზე, სამანქანო დანადგარებზე შეზღუდვების გაფართოებას.

ასევე აიკრძალება IT, საინჟინრო და სამართლებრივი მომსახურებების მიწოდება რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებისთვის.

ჩეხეთის ცნობით, ევროკავშირის სანქციები ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეჟიმებზეც გავრცელდება.

იმისთვის, რომ პაკეტი ძალაში შევიდეს საჭიროა მისი საბოლოო დასტური. თუ ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ იქნება პაკეტის მიღების წინააღმდეგი, ის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდება და ამ დღესვე ძალაში შევა.

რუსულ ნავთობზე ფასის ჭერს სექტემბერში მხარი დიდი შვიდეულის - მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნებმაც დაუჭირეს.

ამ შეზღუდვების დაწესებით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ რუსეთი ნავთობს საზღვარგარეთ მსხვილ მომხმარებლებს, როგორიც მაგალითად ინდოეთია ნაკლებ ფასად მიჰყიდის და საბოლოოდ რუსეთს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი შეუმცირდება. ამ ფინანსებს კი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში იყენებს.


close დახურვა