logo
ENG



ლაიენი პოლონეთზე: შეშფოთებული ვარ, მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელ და პოლონელ მეგობრებს

16 ნოე 202201:51
3 წუთის საკითხავი
 
ლაიენი პოლონეთზე: შეშფოთებული ვარ, მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელ და პოლონელ მეგობრებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეშფოთებას გამოთქვამს პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში, რუსული რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნასთან დაკავშირებული ცნობებით.

"შეშფოთებული ვარ პოლონეთში აფეთქების შესახებ ცნობებით უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ. ვუსამძიმრებ პოლონეთს და ვუგზავნი ჩვენს უკრაინელ და პოლონელ მეგობრებს მხარდაჭერისა და სოლიდარობის მტკიცე გზავნილს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი რაკეტებიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა. ინფორმაციას AP აშშ-ის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხვადასხვა მედია იწუყება, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.

პოლონეთს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".

პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა

 

 

 


close დახურვა