ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანსბერგისმა თქვა, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის, არამედ მთელი რეჟიმის გადაყენება, რომელიც მას მხარს უჭერს.
ლანდსბერგისის თქმით, კრემლის ლიდერი უკრაინაში ბრძოლის ველზე დანაკარგების ზრდის პარალელურად, სულ უფრო არასტაბილური გახდება.
ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები აქამდე ორიენტირებულნი იყვნენ უკრაინის ომში მათ ტაქტიკურ მიდგომებზე, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უნდა იფიქრონ სტრატეგიულად გრძელვადიან პერსპექტივებზე.
"სანამ პუტინი და მისი მოკავშირეები არ წავლენ, მსოფლიო მზად უნდა იყოს, რომ რუსეთმა შეიძლება კვლავ იბრძოლოს და არაა გამორიცხული, NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ", - თქვა ლიეტუვის საგარეოს მინისტრმა.
ამასთანავე, ლანდსბერგისმა თქვა, რომ საკმარისი არ იქნება, რომ პუტინმა აღარ უხელმძღვანელოს რუსეთს, რადგან ეს არის მთელი სისტემა, რომელიც შიგნიდან უნდა შეიცვალოს.
"პუტინი შეიძლება იყოს ავად, მან შეიძლება განზე გაწიოს მისი ახლო წრე, რომელიც, ალბათ საკმაოდ უკმაყოფილოა ბრძოლის ველზე დანაკარგებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეიცვლება რეჟიმი ან მისი დამოკიდებულება", - თქვა ლანდსბერგისმა.