დავით ბაქრაძის განცხადებით, ლარის გასამყარებლად დოლარის გაყიდვა არ იქნება საკმარისი და საჭიროა, ხელისუფლებამ შეამციროს გადასახადები. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, უნდა შემცირდეს როგორც ბიზნესის, ისე მოსახლეობის გადასახადები.
„რაც ხდება ლართან დაკავშირებით, არის მოსახლეობისთვის დარტყმა. დოლარის გაყიდვა სიტუაციას ვერ დაიჭერს. უნდა გადაიდგას სხვა ნაბიჯები - გადასახადების შემცირება, მაგალითად. ასე მეტი ფული დარჩება ბიზნესში, მოსახლეობის ჯიბეში. მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადი - მან ისედაც უნდა დაიკლოს, მაგრამ ახლა დროებით უნდა გაუქმდეს. მეორე არის ქონები გადასახადი - მაისში უწევს ბიზნესს მისი გადახდა, მაგრამ რით უნდა გადაიხადონ - მისი შემცირება და გადადება არის მნიშვნელოვანი. ასე ბიზნესს დავეხმარებით, რომ არ დატოვონ ხალხი უმუშევარი. დღგ არის ასევე მნიშვნელოვანი და ხარჯების შემცირებაა ასევე მნიშვნელოვანი. უნდა გვესმოდეს, რომ ლარის მასა თუ არ შემცირდა ბაზარზე, დოლართან მიმართებით ვერ გამყარდება. უნდა მოიჭრას ბიუჯეტიდან ზედმეტი ხარჯები", - აცხადებს დავით ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ ლარი დღეს რეკორდულად გაუფასურდა - ერთი დოლარის ღირებულებამ 3.5 ლარს გადააჭარბა. ამის გამო საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტს 40 მილიონ დოლარს ყიდის აუქციონზე.