logo
ENG



ლარის კურსი და ჩამოქცეული ეკონომიკა - მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა ჯერ კიდევ არ აქვს

24 მარ 202020:08
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნულმა ვალუტამ დღეს დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურების რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მხოლოდ დღეს ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით  21 თეთრით გაუფასურდა.

ახალი კურსით ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3 ლარი და 44 თეთრია, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კი დოლარი 3 ლარი და 65 თეთრიც კი ღირს. კორონავირუსის დადასტურებიდან დღემდე ქვეყანაში 100 დოლარი მინიმუმ 70 ლარით გაძვირდა. გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, მოქალაქეებს სულ უფრო ძვირად უჯდებათ.

ლარი გაუფასურებულია ევროსთან მიმართებაშიც. კომერციულ ობიექტებში ერთი ევრო 3.90 ლარამდე ღირს.ეროვნულმა ბანკმა ლარის გადასარჩენად რეზერვების ხარჯვა დაიწყო. დღეს აუქციონზე 80 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა, რამდენიმე დღის წინ 60 მილიონი დოლარი, თუმცა ეროვნული ვალუტა გაუფასურებას მაინც აგრძელებს. ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილებები რეზერვის ფლანგვაა.

ინვესტიციების დეფიციტი და იმპორტზე დამოკიდებულება მიზეზების მხოლოდ ნაწილია. სპეციალისტები მთავრობას ურჩევენ ბიუჯეტს გადახედოს და ხარჯები შეამციროს. ნაწილი ფიქრობს იმასაც, რომ ქვეყანამ არასასურველი, თუმცა საჭირო, საგარეო ვალის აღებაზეც უნდა იფიქროს.

როგორც ირკვევა, ანტიკრიზისული გეგმის წარმოსადგენად მთავრობას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკური გუნდი ირწმუნება, რომ ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად, მაქსიმუმს აკეთებენ.

პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა დროულად დაასრულოს, რადგან ეკონომიკური ვითარება ყოველდღიურად უარესდება.

დღის ბოლოს, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების გახარჯვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო - ხვალ სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 მილიონ დოლარს გაყიდის.


close დახურვა