logo
ENG



ლაშა ბექაურის ცემის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სწავლობს

09 დეკ 201919:58
3 წუთის საკითხავი
 
j1e19398gkivdrb.jpg

სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ნარკოტიკული საშუალების ჩადების მცდელობა, - მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა ბექაური ამ ძალადობაში სამართალდამცავებს ადანაშაულებს. სპორტსმენი ფეისბუქ პოსტში, რომელიც მოგვიანებით წაშალა, წერს, რომ პოლიციელებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც ის გადაიყვანეს განყოფილებაში, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. სპორტსმენი მედიასთან დღეს უკვე დუმს.

ფორმულასთან ბოლო ინტერვიუში ბექაურმა თქვა, რომ საქმე მოგვარდა. მის შესაძლო ცემის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სწავლობს. ფორმულას ინფორმაციით გამოკითხვაზე ახლა უწყებაში ინციდენტის ერთადერთი მოწმე, ბექაურის მეგობარი იმყოფება.

ლაშა ბექაურის მწვრთნელი სპორტსმენზე ზეწოლას გამორიცხავს, მისი თქმით სპორტსმენმა პოსტი ემოციურ ფონზე დადო, თუმცა ფორმულა ნიუსს ბექაურთან დაახლოებული წყარო ყვება, რომ მას შემდეგ რაც მან პოლიციელები ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ ამხილა, მსოფლიო ჩემპიონს დაურეკეს და დაემუქრნენ.

ლაშა ბექაურმა პოლიციელების მამხილებელი პოსტი საკუთარ ფეისბუკზე გუშინ დაწერა,  სპორტსმენი დეტალურად ყვებოდა, რომ ის მეგობართან ერთად ქუჩაში სეირნობდა, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა და საბუთები მოსთხოვა. თუმცა მას შემდეგ რაც ბექაურმა უთხრა რომ საბუთები არ ჰქონდა სამართალდამცველებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ძალით ჩასვეს მანქანაში და პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც მას უკვე რამდენიმე პოლიციელმა ერთად სცემა. ეს პოსტი  ბექაურმა სოციალური ქსელიდან მალევე წაშალა და მედიასთან კომუნიკაცია შეწყვიტა.

სკანდალური პოსტის წაშლის მიუხედავად საქმეში სახელმწიფო ინსპექტორი ჩაერთო, რომელმაც საქმე პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის გამოკითხვას აწარმოებს, ლაშა ბექაური და მეგობარი ვისთან ერთადაც სეირნობდა, უწყებამ უკვე გამოკითხვა. გამოძიების კითხვებს უპასუხა მისმა მწვრთნელმაც.

ლაშა ბექაურის საქმით დაინტერესდა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ეს საქმე იქნება ტესტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის

სახელმწიფო დაცვის ინსპექტორმა გამოძიების შედეგები პროკურატურას უნდა გადაუგზავნოს. დაიწყება თუ არა პოლიციელების სისხლის სამართლებრივი დევნა ამას თადუმაძის უწყება გადაწყვეტს.

ბექაური დღეს ჩინეთში ჩემპიონატზე გაემგზავრა, მსოფლიო ჩემპიონმა ქვეყანა კომენტარის გარეშე დატოვა.


close დახურვა