logo
ENG



ლაშა ჩხარტიშვილი: კალაძე ავტობუსის მძღოლებს 40-48 საათზე მეტს ამუშავებს

08 თებ 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

17 საათი საჭესთან და აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური საათები. აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დარღვევები გამოავლინა.

დასკვნის მიხედვით, კომპანიაში, შრომის კოდექსის უხეში დარღვევის გარდა, უსაფრთხოების ნორმებიც ირღვევა. მძღოლები საჭესთან იმდენ ხანს ატარებენ, რომ მგზავრების უსაფრთხოება რისკის ქვეშაა.

„კალაძე, გარდა იმისა, რომ წლის კორუფციის რეკორდსმენია, პირდაპირ კლავს ადამიანებს. მისი დამსახურებაა, რომ მძღოლებს ამუშავებენ, როგორც მონებს, რითაც საფრთხეში აგდებენ არა მარტო მათ სიცოცხლეს, არამედ მგზავრებისასაც. 40-48 საათზე მეტს ამუშავებენ ადამიანს, ეს ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ორმაგად სახიფათო და დანაშაულებრივია, როცა საუბარი ეხება მძღოლებს, რომლებზეც დამოკიდებულია მრავალი ათეული ადამიანის სიცოცხლე“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

​თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კახი კალაძის კომპანია სატრანსპორტო კომპანიიდან მილიონობით ლარს ფლანგავს. 

„კახი კალაძის სატრანსპორტო კომპანია არის კორუმპირებული, მილიონობით ლარი გაიფლანგა კალაძის პირობებში სატრანსპორტო კომპანიიდან. დასკვნაში, ასევე, წერია, რომ თანამშრომლები სამსახურში არ დადიან და ისე იღებენ მილიონობით ლარს, წერია ისიც, რომ 46 მილიონი ლარი ისე დახარჯეს ვაგონების შეკეთებაში, კომპანიას დოკუმენტი რომ მოსთხოვეს, ვერ წარმოადგინეს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შემოსავლები ჯამში – 548,138.0 ათასი ლარის, ხოლო ხარჯები – 386,858.3 ათასი ლარის ოდენობით.

შესწავლის შემდეგ სხვდასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის ერთ-ერთი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებული დარღვევებია, რომლის მიხედვითაც, კომპანიაში არ არის დაცული საქართველოს შრომის კოდექსის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობას განსაზღვრავს, რაც არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. დასკვნაში წერია, რომ ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს მძღოლების უმეტესობა, რაც შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკმენტში აღნიშნულია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს დაფინანსება კომპანიისათვის წამგებიანია ფინანსურადაც, გაზრდილი სატარიფო განაკვეთის გამო.

 


close დახურვა