ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურის მინისტრს პასუხობენ. პროექტის წარმომადგენლების თქმით, ისინი აგრძელებენ მოლაპარაკებებს პარტნიორებთან და ამბობენ, რომ მთავარი სამუშაო რეჟიმში გადასვლაა.
როგორც კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონსორციუმს თავისი პოზიცია აქვს და შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამენ.
„თუ ერთობლივი შეხვედრის ფონზე არ მოხდა ეს, ფინანსური ინსტიტუტების, ინვესტორების, მთავრობასა და ჩვენს შორის, ისე არ გამოვა. ეგ კი არა, მხოლოდ ჩვენსა და მთავრობას შორისაც არ გამოვა. პირველი ეტაპისთვის ინვესტორების საკითხი უნდა გადაწყდეს და მერე, ნაწილ-ნაწილ რისკების მოგვარებასაც მივხედავთ. ჩვენ გვაქვს იდეები თუ როგორ შეიძლება წავწიოთ პროცესი წინ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია და გადავდგამთ ჩვენს ნაბიჯებს,“ - აცხადებს ახვლედიანი.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე ჰქონდა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი 15 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენდა, შესაძლოა მთავრობას კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გაეუქმებინა. ჯერჯერობით უცნობია მთავრობის პოზიცია. ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმი დოკუმენტებს არ წარადგენდა.
ამის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საბოლოო ვადა 2019 წლის ბოლომდე ეძლევა.