რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ ქვეყანაში რაც უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება, კორონავირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილება მით უფრო შესაძლებელი იქნება.
მისი თქმით, კვლევები, რაც ამ ეტაპზე ტარდება საკმარისი არ არის და ამაზე ინფექციის კონტროლის სამსახურიც მიუთითებს.
„მე ვთვლი, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უდნა გაუკეთდეს ეს ტესტირება თუ არის შესაძლებლობა, ეს დიდ მატერიალურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. რაც მთავარია, ამას განსაზღვრავს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ისინი იყენებენ გადაწყვეტილებას, საზოგადოების რა ნაწილს, ვის გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება. რაც უფრო მეტი კონტროლის საშუალება გვექნება, მით უფრო ავიცილებთ თავიდან დაავადების შიდა გავრცელებას. რომ არ არის სრულიად საკმარისი ჩანს. ჩვენი ინფექციის კონტროლის სამსახურიც თვლის, რომ მეტია საჭირო. პირადად ჩემი აზრია, რაც უფრო მეტად შევძლებთ საზოგადოების ამა თუ იმ ფენის კონტროლს, მით უფრო შევაჩერებთ შიდა გავრცელებას“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
მან მედპერსონალის ტესტირებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლევა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„მოგეხსენებათ, რომ პერიოდულად ჩვენ მედპერსონალს ვუტარებთ pcr ტესტირებას. მთლიანად გაიტესტა უკვე რეანიმაციის მედპერსონალი და ყველას ნეგატიური აღმოაჩნდა, ასევე ე.წ. ემერჯენსის მედპერსონალის ნაწილი გაიტესტა და იქაც უარყოფითი იყო. დღეს დასრულდება ემერჯენსი და შემდეგ გადავალთ სხვა მედპერსონალზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედპერსონალის კონტროლი. ვიყენებთ როგორც სწრაფ ტესტირებას, ასევე pcr ტესტებს, განსაკუთრებით იმ მედპერსონალისთვის, რომელიც მუდმივ შემხებლობაშია ინფიცირებულებთან“, - განაცხადა გოფოძემ.