რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 40 პაციენტი იმყოფება. როგორც გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 10 პაციენტს, რომლებიც რესპუბლიკურში გუშინ შეიყვანეს, დღეს კორონავირუსზე ტესტირებისთვის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 40 პაციენტი. გუშინ საღამოდან ღამის განმავლობაში 10 პაციენტი მივიღეთ. აქედან 7 ჩამოსულია იტალიიდან, რომლებიც გუშინ ჩამოფრინდნენ სპეცრეისით. ზოგს ჰქონდა ხველა, ზოგს ყელის ტკივილი, ზოგს სურდო, ამიტომაც გამოცალკევდა ადამიანების ეს ჯგუფი. დღეს ეს პაციენტები გადადიან ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირებისათვის. დანარჩენი სამი პაციენტი გამოყვანილ იქნა ინფექციური საავადმყოფოდან მას შემდეგ, რაც ჩაუტარდათ ტესტირება და პასუხი ნეგატიური იყო. ასევე რესპუბლიკურმა საავადმყოფომ აიღო პასუხისმგებლობა იმ 39 მოქალაქეზე, რომლებიც გუშინ მოათავსეს სასტუმროში და სამედიცინო უზრუნველყოფა, დაკვირვება განხორციელდება ჩვენი ექიმების მიერ“, - განაცხადა გოფოძემ.
მისივე თქმით, დღეს კლინიკიდან რამდენიმე პაციენტის გაწერა იგეგმება, რომლებმაც საკარინტინო პერიოდი უკვე გაიარეს.
„ჩვენ უკვე დავიწყებთ პაციენტების გაწერას. დღეს ვამზადებთ დაახლოებით 10 პაციენტს. მათი მონაცემები შემოწმდება კიდევ ერთხელ და უსიმპტომოდ ვინც არიან და გაუვიდა საზღვრის კვეთიდან 2 კვირა, ყველას გავწერთ სახლში. როდესაც გავწერთ პაციენტებს დაახლოებით 20 ადგილი გათავისუფლდება“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.