logo
ENG



ლევან იზორიას ძმის საქმეზე პროკურატურა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების საქმეს იძიებს

24 იან 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

ლევან იზორიას ძმის დაკავების საქმეზე პროკურატურა პოლიციის მაღალჩინოსნის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეს იძიებს. პოლიციის უფროსს, კახა ბუხრაძეს მაიორი დვალიშვილი ედავება. ეს ის სამართალდამცველია, რომელმაც 2014 წელს ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა ჩარევისა და ძმის გავლენების შემდეგაც იზორია გაათავისუფლეს.

იმ დროისთვის ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. ამ სკანდალური ინცინდენტის ამსახველი მასალა გიორგი დვალიშვილს პრობლემად 2019 წლის ბოლოს ექცა, როდესაც ბუხრაძემ მას მასალა მოსთხოვა, ამის შემდეგ მაიორი დააქვეითეს, ხელფასი შეუმცირეს, დაიწყო მისი შევიწროება, საბოლოოდ კი დვალიშვილი კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ვიდეო მასალის გასაჯაროების შემდეგ ოპოზიცია იმ განუკითხაობაზე საუბრობს, რომელიც ძალოვან უწყებაშია და ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. 

მაიორი გიორგი დვალიშვილს ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ სახელმწიფოს არც ერთი უწყება არ შეხმიანებია. მას დღეს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა დაუკავშირდა და მისი უფლებების დაცვა შესთავაზა. გიორგი დვალიშვილი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. მან პროკურატურას კახა ბუხრაძის წინააღმდეგ უკვე მიმართა. 

გიორგაძის ინფორმაციით, ბუხრაძე შარშან საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ უკანონოდ მოითხოვდა მისთვის პოლიციელის სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერის გადაცემას. საუბარია 2014 წლის მასალაზე, სადაც ჩანს როგორ მოქმედებს მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ძმა. ის პოლიციელს წინააღმდეგობას უწევს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. 

გავრცელებული ვიდეომასალა საგანგაშოა ოპოზიციისთვის. ისინი სისტემური დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ ყველა პირმა, რომელიც დანაშაულის შესახებ ინფორმირებული იყო პასუხი უნდა აგოს.

სამსახურებრივი დავის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველსაც ჰქონდა. თუმცა ნინო ლომჯარია ვიდეოკადრების შინაარსს არ იცნობდა. ლომჯარია დამატებითი მოკვლევის დაწყებას გეგმავს. 


close დახურვა