პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პარტია ლელო საქართველოსთვის წევრი გახდა. ის პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.
კობერიძის თქმით, ლელოსთან ბევრი მიმართულებით ღირებულებითი ერთობა აქვს.
"ჩვენ გვაქვს ღირებულებითი ერთობა, ის ღირებულებითი ერთობა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისთვის. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, ეს არის ჩვენი ვალდებულება", - თქვა კობერიძემ.
ის სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც სიახლე და ქვეყანაში "ორპოლუსიანობის" დასრულება სურთ, თანამშრომლობას სთავაზობს.
ცნობისთვის, კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა გასულ წელს დატოვა და ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები ჩამოაყალიბა. ამის შემდეგ კობერიძემ, ანა დოლიძესთან და ალეკო ელისაშვილთან ერთად, ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერა ხელი.