logo
ENG



ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად აირჩია

17 ოქტ 202315:51
3 წუთის საკითხავი
 
ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად აირჩია

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია - გოგა კიკილაშვილსა და ლევან ნემსაძეს მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრა ფარული იყო, შესაბამისად, უცნობია, ვინ მისცა ხმა წარმოდგენილ კანდიდატებს ოპოზიციიდან.

ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.

მანამდე პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი. კენჭისყრის მეორე ტურში გადასული ოთხი კანდიდატიდან ვერც ერთმა საჭირო 90 ხმა ვერ მოიპოვა.

17 მაისს, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 3 ახალი წევრი აირჩიეს - ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). ამის შემდეგ ოპოზიციამ დარბაზი დატოვა და კენჭისყრა შეწყდა.

კანდიდატების მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი - 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. დეპუტატები ამბობდნენ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი მმართველ გუნდს გაურიგდა. 

კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი. იმავე დღეს ჩხეიძეებმა და მაჭუტაძემ ენმ-ს ფრაქცია დატოვეს.

ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.


close დახურვა