logo
ENG



ლევან რატიანი: დადგა მომენტი, ერთმანეთს დავცილდეთ, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ

15 აპრ 202011:47
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მოსახლეობას მოუწოდებს, რეკომენდაციები მკაცრად დაიცვან.

როგორც რატიანმა აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება და ექიმები სიტუაციის მართვას ვეღარ შეძლებენ.

„მინდა მივმართო მოსახლებას, დადგა მომენტი, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ და დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, ერთი გამონაკლისით, დესოციალიზაციის გარეშე. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ - დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით. ექიმებიც სამწუხაროდ ვართ დაუცველი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 69-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა