ავტოავარიაში დაღუპული 24 წლის შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს. ოჯახის თხოვნის მიუხედავად მეუფე საბამ საეკლესიო წესი არ აღასრულა. მიზეზი ბიბლიური თავისუფლების წევრობაა. გირჩის მღვდელმსახურის მოწმობა დაახლოებით ერთი წლის წინ აიღო. ჯარისგან თავის დახსნა იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის „ბიბლიურ თავისუფლებაში" გაწევრიანდა.
"ბიბლიური თავისუფლება" გირჩის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ნებისმიერ მსურველზე გასცემს მღვდელმსახურის მოწმობას. ეს მხოლოდ მექანიზმია, რომლითაც ახალგაზრდები ჯარში წასვლას თავს არიდებენ. ბიბლიური თავისუფლების წევრობა რელიგიის შეცვლას არ გულისხმობს. გირჩის ორგანიზაციის პოლიტიკური შინაარსი არ ესმით საპატრიარქოში.
გირჩმა 11 ნოემბერს, საღამოს გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა. იმის გამო, რომ მას წესი არ აუგეს, დაკრძალვა გადაიდო. ოჯახი მართლმადიდებელ სასულიერო პირს ეძებდა, რომელიც გარდაცვლილს წესს აუგებდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში შაკო ბარამიძის ოჯახის წევრებმა საპასუხო წერილი გაავრცელეს. ისინი გირჩის ინფორმაციას გაემიჯნენ და ბიბლიური თავისუფლებას პოლიტიკურ მანიპულაციაში ადანაშაულებდნენ.
საპატრიარქოს კატეგორიულ უარს შეფასებები მოჰყვა რელიგიურ წრეებში. მათი უმრავლესობა მართლმადიდებელ ეკლესიას აკრიტიკებს. უკრაინული ეკლესიის წევრი მამა ნექტარიოს მჭედლიძე ერთადერთია, ვინც ოჯახის სურვილის შემთხვევაში მზად არის 24 წლის შაკოს წესი აუგოს. უარის მიზეზები უკვირს ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსსაც.
საეკლესიო სამართლით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უარს ამბობს წესი აუგოს თვითმკვლელებსა და მოუნათლავებს. ამ ჩამონათვალს, სავარაუდოდ, ბიბლიური თავისუფლების მღვდელთმსახურებიც შეუერთდნენ, მათი რაოდენობა 30 000-მდეა.