logo
ENG



ლეიბორისტების ოფისში ხვალ ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა გაიმართება

09 თებ 202020:21
3 წუთის საკითხავი
 
ecn4np00ppmwmgk.jpg

"ლეიბორისტების" ოფისში ხვალ ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ხელისუფლების ოპონენტები საარჩევნო სისტემის ალტერნატიულ მოდელზე მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ მოდელს ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე წარუდგენს. 

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია მმართველ გუნდს ისევ პროპორციულ სისტემასთან მიახლოებულ ვარიანტს შესთავაზებს. 

"ჩვენ შევთავაზეთ ის, რაც არის მოქნილი და ახლოს არის პროპორციულ სისტემასთან. მათგან არანაირი პოზიტიური გამოხმაურება არ არის და იმავე პოზიციას აწვებიან“, - აცხადებს რატიანი.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს და ხელისუფლებას ისევ საზოგადოების მიერ მოთხოვნილ საარჩევნო სისტემას შესთავაზებს. 

"ოპოზიცია მივა იმავე წინადადებით, რა წინადადებასაც აყენებს ამ კვირების განმავლობაში. მათ შორის, მას შემდეგ, რაც ოდირმა განაცხადა, რომ ეს მოდელი შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე, სურთ თუ არა რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან“, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

საკითხს ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" წევრი ფიქრია ჩიხრაძეც. ჩიხრაძის თქმით, ხელისუფლების ინიციატივა 100-50-ზე მანდატის შესახებ აბსურდულია. 

"როცა გვეუბნებიან, რომ ბურთი ოპოზიციის მხარეს არის, ეს ასე არ ითარგმნება. ეს ბურთი საერთოდ აღარ არის მოედანზე, მათ ისეთი აბსურდული შემოთავაზება შემოიტანეს მოლაპარაკების მაგიდაზე“, - განაცხადა ჩიხრაძემ. 

რაც შეეხება მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ოდირის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილებაა. 

"კრიტიკული წერილის შემდეგ ოპოზიციამ ნაადრევად აღმართა ალამი. ოდირის დასკვნაშიც არის ნათლად წარმოდგენილი, რომ საარჩევნო სისტემის შემუშავება ქვეყნის სუვერენული უფლებაა. ეს არის მისკომუნიკაციის ბრალი. ოპოზიციის ტონალობა არის შეცვლილი“, - ამბობს ხუნდაძე.


close დახურვა