logo
ENG



ლელო: ოცნებამ მაღალი დონის ფორმატშიც უარი განაცხადა რუსეთზე სწორი პოზიციის დაფიქსირებაზე

15 ოქტ 202221:53
3 წუთის საკითხავი
 
ლელო: ოცნებამ მაღალი დონის ფორმატშიც უარი განაცხადა რუსეთზე სწორი პოზიციის დაფიქსირებაზე

პარტია ლელო საქართველოსთვის ქართული ოცნების მიერ PACE-ს რეზოლუციაზე, რომელშიც რუსეთი ტერორისტადაა მოხსენიებული, ხელის მოწერაზე უარის თქმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება პირდაპირ უარყოფს საქართველოს ღიად დეკლარირებულ საგარეო კურსს.

ლელოში ამბობენ, რომ "ამ აქტით, საქართველო დგება ისეთი არადემოკრატიული, პრორუსი რეჟიმების რიგში, როგორიცაა: ირანი, ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ნიკარაგუა".

"ქართული ოცნების წარმომადგენლები არ დაესწრნენ კენჭისყრას და შესაბამისად, არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას. ხელისუფლების წარმომადგენლების ამგვარი გადაწყვეტილება პირდაპირ უარყოფს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ღიად დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს. თუკი აქამდე ხელისუფლება უკრაინა-რუსეთის საკითხზე ოპონენტებს ნიშნისმოგებით პასუხობდა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებით აფიქსირებდა თავის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად, პრორუსულმა რეჟიმმა დღეს უკვე არსებობის ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. პირველად ისტორიაში, ქართულმა ოცნებამ უკვე მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმის ფორმატშიც უარი განაცხადა რუსეთის საკითხზე სწორი და ადეკვატური პოზიციის დაფიქსირებაზე. ამ აქტით, საქართველო დგება ისეთი არადემოკრატიული, პრორუსი რეჟიმების რიგში, როგორიცაა: ირანი, ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ნიკარაგუა.

ქართული ოცნების ამგვარი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ის გარემოებაა, რომ რეზოლუციაში შეტანილი ერთ-ერთი ცვლილება (#4), რომელიც საპარლამენტო ასამბლეის მიერ საბოლოოდ მიღებული იქნა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობაა. შემაშფოთებელი და ტრაგიკულია, რომ საქართველოს მართავს რევანშისტ და უგუნურ ადამიანთა გუნდი, ვინც დასაშვებად მიიჩნევს ქვეყნის შიდა პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე გადაიტანოს და შიდა პარტიულ-პოლიტიკური დინამიკა სახელმწიფოს საგარეო გადაწყვეტილებებზე ასახოს - მისივე საუკეთესო ინტერესების საზიანოდ. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ევროსაბჭოს პროცედურების თანახმად, „ქართული ოცნების" დელეგაციას შეეძლო ხმა არ მიეცა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობის თაობაზე შესული შესწორებისთვის (#4) და, ამის მიუხედავად, პარალალურად მაინც მიეცათ ხმა ცალკე შეტანილი შესწორებისთვის (#7) რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, პრორუსულმა ქართულმა ოცნებამ მორიგ ჯერზე შეგნებულად არ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ტერორისტული რეჟიმის განაწყენებას გამოიწვევდა. ეს არის კიდევ ერთი, თუ არა ყველაზე მკაფიო, დასტური, რომ დღეს საქართველოს მართავს კრემლის პოლიტიკურ მიზნებთან და რიტორიკასთან სრულ თანხვედრაში მყოფი პოლიტიკური გუნდი, ვისი მიზანიცაა საქართველოს რუსიფიკაცია, რუსეთის მაამებლური პოლიტიკის წარმოება, უკრაინის საკითხზე დუმილი და უმოქმედობა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასუსტება და მიჩქმალვა. სრულიად ცხადია, რომ ამ ხელისუფლების მიზანი საქართველოს ავტოკრატიულ ლიგაში გადაყვანაა, ნიკარაგუას და სირიას გვერდით და არა ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევნის აღსრულება და დაცვა", - ნათქვამია ლელოს განცხადებაში.

***

ქართული ოცნების წევრები, ვინც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას წარმოადგენენ, ამბობენ, რომ ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც პუტინის რეჟიმს ტერორისტად აცხადებს, მხარი იმ შესწორების გამო არ დაუჭირეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის არსებული რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას და უკრაინის იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს.

საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას სახელით "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მორიგი ესკალაცია", 99-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მარია მეზნეცევამ ასევე აღნიშნა, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყანას, ამ შემთხვევაში უკრაინას, იარაღი მიაწოდონ.

ასამბლეამ ასევე მხარი დაუჭირა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მომდევნო აგრესიის" შესახებ რეზოლუციის მე-7 პუნქტში ცვლილებების შეტანას, რითაც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ კარამურზას საქმეებს და გაათავისუფლონ ისინი.

ამ პუნქტში საუბარია რუსეთის ფედერაციაში მზარდ რეპრესიებზე, რის ფარგლებშიც რუსეთის ხელისუფლება ებრძვის ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს და რისი მიზანიც საზოგადოებაში შიშის დათესვაა.

მე-4 შესწორების მიხედვით კი ამ პუნქტს დაემატა წინადადება:

„ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვლადიმერ კარამურზა. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს სხვა პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლებისკენ (მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის“).

საბოლოოდ კენჭისყრით 56 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე რეზოლუციაში შესაბამისი შესწორება შევიდა.

 


close დახურვა