logo
ENG



ოცნებამ მხარი არ დაუჭირა PACE-ს რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ტერორისტადაა მოხსენიებული

15 ოქტ 202216:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/15/cj0xuc23mb5lxdn.jpg

ქართული ოცნების წევრები, ვინც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას წარმოადგენენ, ამბობენ, რომ ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც პუტინის რეჟიმს ტერორისტად აცხადებს, მხარი იმ შესწორების გამო არ დაუჭირეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება.

ქართული ოცნების დეპუტატი გივი მიქანაძე ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მმართველი პარტია იზიარებს რეზოლუციის მთლიან სულისკვეთებას, თუმცა მათთვის მიუღებელი იყო ის დამატება, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული და ამ შესწორების გამო ერთიან რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

მიქანაძე ამტკიცებს, რომ კენჭისყრა რეზოლუციის მთლიან ტექსტს ეხებოდა და მისი მხარდაჭერა ნიშნავდა, რომ სააკაშვილის შესახებ შესწორებასაც ეთანხმებოდნენ, ამიტომ საბოლოოდ, მიქანაძის თქმით, ოცნების დელეგაციამ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ პარტია მოქალაქეების წვერმა, ლევან იოსელიანმა, რომელიც საპარლამენტო ასამბლეაში ასევე საქართველოს დელეგაციის წვერია, განაცხადა, რომ რეგლამენტით შესაძლებელი იყო მხარი მხოლოდ რეზოლუციისთვის დაეჭირათ და არა შესწორებისთვის. იოსელიანის თქმით, თავად სწორედ ასე მოიქცა.

„რეზოლუციასთან მიმართებაში ჩემი მხრიდან საბოლოო ტექსტზე მხარდაჭერა არ იქნა გამოხატული გამომდინარე იქიდან, რომ ეს კონკრეტული დამატება [სააკაშვილის შესახებ] ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და იქ მთლიანი ტექსტის მხარდაჭერა იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მაშინ ვეთანხმებით იმ ცვლილებასაც… თუმცა გამოსვლის დროს მე დავაფიქსირე, რომ ამ რეზოლუციის მთლიანი სულისკვეთება აბსოლუტურად მისაღებია, თუმცა რეზოლუცია საჭიროებს ცვლილებებს კონკრეტულ დამატებებთან მიმართებაში და შემდგომში დავაყენე, გავაპროტესტე ის დამატება, რომელიც მე-4 ნომრად იქნა წარმოდგენილი“, — განაცხადა გივი მიქანაძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს ცვლილება, რომელშიც სააკაშვილია მოხსენიებული დეპუტატებმა "56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში" ხუთშაბათს, „ყველაზე პასიურ დღეს შეაპარეს“.

კობახიძის თქმით, ეს უსამართლო ჩანაწერია, მაგრამ პარტნიორებმა „იციან ყველაფერი სააკაშვილის საქმის შესახებ“, დანარჩენი კი კობახიძის თქმით, „პოლიტიკური სპეკულაციაა“.

„ხუთშაბათ დღეს, ყველამ იცის, რომ ეს არის ყველაზე პასიური დღე ასამბლეის მუშაობაში, 56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაცა ცვლილება, სადაც არის მოხსენიებული მიხეილ სააკაშვილი. ნუ ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს ჩვენ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინ. ნუ არაფერი განსაკუთრებული. არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხდა PACE-ს რეზოლუციაში. მთავარია, რომ პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ [სააკაშვილის] საქმის შესახებ. იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა პირობა არის შექმნილი  სამედიცინო მომსახურებისთვის, დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

საქართველოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც ამავე დელეგაციის წევრი იყო ასევე განაცხადა, რომ „რეზოლუციას ექნებოდა საქართველოს მხარდაჭერა რომ არა ამ რამდენიმე წინადადების ნაუცბათევი შეპარება პროცესის ბოლოს“.

პარტია სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ კი განმარტა, რომ რეგლამენტი საქართველოს დელეგაციის წევრებს აძლევდა შესაძლებლობას, ძირითადი ტექსტისთვის მხარი დაეჭირათ, მაგრამ არ დათანხმდებოდა კონკრეტულ დამატებებს, როგორც ეს ლევან იოსელიანმა გააკეთა.

„ამიტომ ყველანაირი რიტორიკა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი იყო უხერხული ქართული ოცნებისთვის და ამიტომ არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას, არის ტყუილი“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

10-14 ოქტომბერს დაგეგმილ ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციაც ესწრებოდა, რომლის წევრებიც არიან ირაკლი ჩიქოვანი (ხელმძღვანელი) ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, გივი მიქანაძე, ლევან იოსელიანი და ხატია დეკანოიძე.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის არსებული რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას და უკრაინის იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს.

საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას სახელით "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მორიგი ესკალაცია", 99-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მარია მეზნეცევამ ასევე აღნიშნა, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყანას, ამ შემთხვევაში უკრაინას, იარაღი მიაწოდონ.

ასამბლეამ ასევე მხარი დაუჭირა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მომდევნო აგრესიის" შესახებ რეზოლუციის მე-7 პუნქტში ცვლილებების შეტანას, რითაც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ კარამურზას საქმეებს და გაათავისუფლონ ისინი.

ამ პუნქტში საუბარია რუსეთის ფედერაციაში მზარდ რეპრესიებზე, რის ფარგლებშიც რუსეთის ხელისუფლება ებრძვის ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს და რისი მიზანიც საზოგადოებაში შიშის დათესვაა.

მე-4 შესწორების მიხედვით კი ამ პუნქტს დაემატა წინადადება:

„ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვლადიმერ კარამურზა. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს სხვა პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლებისკენ (მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის“).

საბოლოოდ კენჭისყრით 56 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე რეზოლუციაში შესაბამისი შესწორება შევიდა.


close დახურვა